საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრებმა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს, მათ შორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა. ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაში დაადანაშულეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. მათივე თქმით, ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები ქვეყნისთვის დამღუპველია, რაც მათთვის მიუღებელია.
თავისუფალი დემოკრატების წევრებმა რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერის პოსტიდან გადაყენების შესახებ სამარცხვინო უწოდეს. მათივე თქმით, ისინი აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას კომიტეტების წევრებად და ოპონირებას გაუწევენ უმრავლესობას.
ზურაბ აბაშიძე უმრავლესობამ ვიცესპიკერის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენა. იგი ამ თანამდებობაზე უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, თუმცა მას შემდეგ, რაც ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო ოპოზიციაში გადავიდა, უმრავლესობამ მისი გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.





