კრიზისი უკრაინაში

მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

"რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება შესაძლებელია, თუ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება არ შესრულდება",- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მერკელის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი სანქციების საკითხს შეიძლება, დაუბრუნდეს. მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება რთული იქნება, თუმცა, მხარებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

"უკრაინის პრეზიდენტის წინადადება ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ დეტალურ განხილვას იმსახურებს", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იდეა მინსკის მოლაპარაკებებზეც განიხილებოდა. თუმცა, გერმანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ასეთი მისიის განხორციელებას ცეცხლის სრული შეწყვეტა და კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის თანხმობა დასჭირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, დაგმო პრორუსი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღევევის ფაქტები. ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას ხელი შეუწყოს.

"მოვუწოდებთ რუსეთს და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტევები, რუსეთმა გაიყვანოს მძიმე შეიარაღება, შეწყვიტონ ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკადი უკრაინაში. ასევე მისცენ საშუალება ეუთო-ს დამკვირვებლებს საკუთარი მოვალეობა შეასრულონ",- თქვა სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.

დებალცევოდან უკრაინული ძალების გაყვანა მთლიანად დასრულებულია. ოფიციალური მონაცემებით, სულ ქალაქი 2500-მა მებრძოლმა და 800-მდე ერთეულმა ტექნიკამ დატოვა.

კიევი აცხადებს, რომ გამოყვანის დროს 13 მებრძოლი დაღუპა, 110 - ტყვედ ჩავარდა, 31 კი დაკარგულად ითვლება. სეპარატისტები უკრაინულ ძალებზე შეტევებს განაგრძობენ. გრადებიდან და ნაღმტყორცნებიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი დონეცკთან, პოპასნაიასთან და მარიუპოლთან უკრაინული პოზიციების მიმართულებით.

კომენტარები