აჭარის უმაღლესი საბჭო

ენმ-ის ინიციატივით, აჭარის უმაღლესი საბჭო ვიცესპიკერის გადაყენებაზე მსჯელობს

ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერის დავით ბაციკაძისა და საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ. 

დავით ბაციკაძის და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 21 დეპუტატიდან 11-ის ხმა სჭირდება. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას უმაღლეს საბჭოში 8 დეპუტატი ჰყავს. მათ მხარს უჭერს უმრავლესობიდან გასული მედეა ვასაძე, ხოლო თავისუფალი დემოკრატების ორი წევრი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. მედეა ვასაძე ვარუდობს, რომ ენმ-ისა და მის პოზიციას დაემთხვევა ქართული ოცნების კიდევ ორი დეპუტატის - ჯემალ ფუტკარაძისა და სვეტლანა კუდბას პოზიციები, რის შედეგადაც ვიცესპიკერისა და საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის გადაყენება შესაძლებელი იქნება. 

ამასთან, ბათუმელების ინფორმაციით, დღეს დილით მედეა ვასაძემ უმაღლეს საბჭოში გაავრცელა ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დეპუტატი დავით ბაციკაძე 8 თვის განმავლობაში ერთ-ერთ თანამშრომელზე სექსუალურად ძალადობდა. წერილში ქალის ვინაობაც იდენტიფიცირებულია. გამოცემის ცნობით, თავის დროზე ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება უმაღლეს საბჭოში შეწყდა ადმინისტარციული მოთხოვნებისა და კანონდებლობის დარღვევის ფაქტების არ არსებობის გამო. უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე კი, ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეს მედეა ვასაძეს სეიფში შენახული დოკუმენტების გასაჯაროების გამო უჩივლებს. ბაციკაძის თქმით, ის გადის იურისტთან კონსულტაციებს და საქმეში სისხლის სამართლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეს, მედეა ვასაძეს ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივლებს. დავით ბაციკაძის ინფორმაციით, ამ დოკუმენტებში „ვითომდა შემთხვევით“ გაიპარა პირის სახელი და გვარი, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვებულიყო. 

„მედეა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებში გაასაჯაროვა დოკუმენტები ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც უკვე დასრულებულია. ეს დოკუმენტები მას სეიფში ჰქონდა შენახული“, - განაცხადა დავით ბაციკაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები