რუსეთ-საქართველო

ბოკერია: ქვეყნის დაზიანება აბაშიძე-კარასინის დიალოგის ლამაზ საფარქვეშ ხდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური დიალოგი მტრულ სახელმწიფოსთანაც საჭიროა, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მას ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებენ. აღნიშნულის შესახებ მან აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ზოგადად, ზოგჯერ დიპლომატიური დიალოგი მტრულ სახელმწიფოსთანაც საჭიროა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს დიალოგი იქნა გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. იმ ყალბი შთაბეჭდილების შესაქმნელად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, თითქოს რაღაც პროგრესს აქვს ადგილი, მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ნაბიჯ-ნაბიჯ დაზიანებას, ეს ყველაფერი ამ დიალოგის ლამაზ საფარქვეშ ხდება. თან გვაქვს ჩვენი ხელმძღვანელობის მხრიდან ღრმა პრობლემა კომპეტენციის და პოლიტიკური ხედვის, სწორედ ამიტომ არის საზიანო ეს ფორმატი, ეს არის გაუგებარი ჩვენი ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, რატომ უნდა მოხდეს ეს შეხვედრა. თორემ, ზოგადად, დიალოგი ცუდი არ არის", - თქვა ბოკერიამ.

როგორც ცნობილია, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროსვე ცნობით, შეხვედრის თარიღი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.

კომენტარები