საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

ალასანია: არ მომწონს სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა, მაგრამ ეს უკრაინის საქმეა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არც მას მოსწონს, თუმცა, ეს უკრაინის საქმეა. როგორც ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ამის გამო უკრაინის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მიზანშეწონილი არ იყო.

"სიმართლე გითხრათ, მეც არ მომწონს უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება. ვერ ვხედავ, რაში შეიძლება ეს მათ გამოადგეთ, მაგრამ ეს მათი საქმეა, ჩემი საქმე არ არის და არც ჩვენი. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება. ამ ქვეყნის წარმატება, განსაკუთრებით, რუსეთთან ომის პირობებში ჩვენს ბედზეც მოქმედებს და ამის გააზრება პოლიტიკოსებისთვისაც არ უნდა იყოს რთული. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი დემარში არ არის მიზანშეწონილი ნამდვილად. იქ დიპლომატები კარგი გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას ჩაატარებდნენ ისე კორექტულად, რომ არ აისახოს ორმხრივ ურთიერთობაზე. ეს აბსოლუტურად არ იყო საჭირო. კომუნიკაცია ასეთი დემარშის გარეშეც შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ გადაწყვეტილებამ არანაირად არ უნდა იქონიოს გავლენა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივ ურთიერთობაზე" - განაცხადა ალასანიამ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გაიხსენა, " როცა მოუწოდა დასავლეთს, არ მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას. ამას ბუნებრივია, ისინი აღიქვამდნენ მტრულ განცხადებად. მახსოვს, უკრაინელები როგორ იბრძოდნენ ქართველების მხარდამხარ აფხაზეთში, გარდა ამისა, რომ სტრატეგიული პარტნიორია, ვალში ვართ ამ ადამიანებთან".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თავად, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს რატომ არ ჩავიდა უკრაინაში, ირაკლი ალასანია პასუხობს, რომ "მქონდა კომუნიკაცია, შეთანხმებებიც, რომელიც არ იყო საჯარო და არც უნდა ყოფილიყო საჯარო, თუ რა კუთხით შეგვეძლო დახმარება და ეს შეხვედრები განხორციელდა ისე, რომ არ გამხდარა საჯარო, მაგრამ ღიად ჩასვლა თავდაცვის მინისტრის, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოყენებულიყო ჩვენ წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩავიდოდნენ სხვა უწყებების ხელმძღვანელები.. პირველ პლანზე უკრაინასთან ურთიერთობაში არ უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მათ იცოდნენ ზუსტად ჩვენ რა შევთავაზეთ და საჭიროების შემთხვევაში გავუწევდით ყველანაირ მხარდაჭერას".

კომენტარები