კრიზისი უკრაინაში

პუტინი, მერკელი, ოლანდი და პოროშენკო სამშვიდობო გეგმას დღეს მინსკში განიხილავენ

REGIS DUVIGNAU / REUTERS

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ბარაკ ობამამ უკრაინაში ძალადობის ესკალაციით შეშფოთება გამოთქვა. მან ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ისარგებლოს დღეს მინსკში დაგეგმილი მოლაპარაკებებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის ჯარების და შეიარაღების გაგზავნით და სეპარატისტების დაფინანსებით გააგრძელებს, რუსეთისთვის ამ ქმედებების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ბარაკ ომაბამ პუტინთან საუბრისას.

მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტების და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით დღეს მინსკში არის დაგეგმილი. გუშინ ახალ სამშვიდობო გეგმაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა იმსჯელეს. მხარეებს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ, თუმცა რუსული სააგენტოების ცნობთ, მოლაპარაკებისას მძიმე შეიარაღების გაყვანის სქემაზე და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლზე იმსჯელეს. სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში დღეისთვის არსებული გამყოფი ხაზის დაფიქსირებას ითხოვენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მინსკის შეხვედრა სისხლისღვრის შეწყვეტის შანსია, თუმცა იგი მის წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

"დისკუსიები გრძელდება. მაგრამ ბრძოლები ისევ მიმდინარეობს, იღუპებიან და იტანჯებიან ადამიანები. ამიტომ მეც და კანცლერმაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შეხვედრის ბოლო მომენტამდე აქტიურები უნდა ვიყოთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ. მინსკში წარმატების მიღწევის სურვილით მივემგზავრებით, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს მოხერხდება", - განაცხადა ოლანდმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ დაბომბილი ქალაქი კრამატორსკი მოინახულა. მან ქალაქისთვის მიყენებული დაზიანებები  დაათვალიერა და საავადმყოფოში დაშავებულებს შეხვდა. ბოლო მონაცემებით, მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე დაშავდა. 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

"ისინი ბარბაროსები და მკვლელები არიან. მათ მშვიდობიანი ქალაქის ცენტრი დაბომბეს. ყველამ ნახა, რომ რაკეტები პირდაპირ ქალაქის ცენტრში ეცემოდა, ანგრევდა სახლებს და კლავდა ადამიანებს. აქვე პალატაში პატარა ბიჭი წევს, 3 წლის. ექიმებმა მისი ხელი გადაარჩინეს, დედამისი კი, რომელიც მას გადაეფარა, დაიღუპა. ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა, ეს ქალაქი და მთელი უკრაინა. მივემგზავრები მინსკში, სადაც მოვითხოვ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას. უკრაინის საზღვარი საიმედოდ უნდა იყოს დაცული და უცხო ქვეყნის ჯარებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, მათ აქ არაფერი ესაქმებათ", - განაცხადა პოროშენკომ.

ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნით, ქალაქი 300 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებით, სმერჩის ან ტორნადოს ტიპის დანადგარიდან დაბომბა. მისიის წევრების დასკვნით, სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ანუ სეპარატისტთა კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიმდინარეობდა.

 

კომენტარები