თბილისის საკრებულო

ენმ: ბერძენიშვილის საქმიანობაზე მასალები განხილვის გარეშე გაგზავნეს შსს-ში

droanews.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-თბილისის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, სარევიზიო კომისიამ შს სამინისტროში მალულად, სარევიზიო კომისიის წევრების გაფრთხილების გარეშე გადააგზავნა მასალები, რომელიც კრწანისის ყოფილი გამგებლის ხათუნა ბერძენიშვილის საქმიანობას უკავშირდება. აბესაძე სარევიზიო კომისიიდან მასალების დაჩქარებულად და განხილვის გარეშე გადაგზავნას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

"სარევიზიო კომისიამ გადაწყვიტა კრწანისის გამგეობის შემოწმება, რომელიც ხათუნა ბერძენიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. მასალები ჩუმად გადაიგზავნა შს სამინისტროში. ეს ეწინააღმდეგება და არღვევს საკრებულოს წევრების უფლებებს. მასალები, გადაგზავნამდე სარევიზიო კომისიას უნდა განეხილა, მასში მონაწილეობა კი, კომისიის ყველა წევრს, მათ შორის თემურ გრიგალაშვილსაც უნდა მიეღო. ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც მასალები სამინისტროში გადაიგზავნა, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რა მასალებზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ ხათუნა ბერძენიშვილმა ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლის თაობა. მისი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი აქტიური და იგი ამხელს მერიის მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებებს. სწორედ ამას ვუკავშირებ ხათუნა ბერძენიშვილის წინააღმდეგ მასალების მოძიებას და შს სამინისტროში უკანონოდ, დაჩქარებული წესით გადაგზავნას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, სარევიზიო კომისიამ შეამოწმოს ჩვენი დროინდელი გამგეობების საქმიანობა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო დაჩქარებული წესით და ყოველგვარი განხილვის გარეშე", - განაცხადა აბესაძემ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები