საქართველოს პარლამენტი

ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში წასული ქართველი დეპუტატები 5:1 დამარცხდნენ

საპარლამენტთაშოსისო საფეხბურთო ტურნირი
parliament.ge

საპარლამენტთაშოსისო საფეხბურთო ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს გუნდმა უნგრეთის წარმომადგენლებთან ანგარიშით 5:1 წააგო. პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ამის მიზეზად "არათანაბარი პირობები" სახელდება.

"როგორც თამაშის წინ გაირკვა, უნგრეთის საფეხბურთო გუნდი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ყოფილი პარლამენტის წევრებით, ერთ-ერთი ქალაქის მერით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჩამოვიდა. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ, ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორების პატივისცემის გამო, სათამაშო მოედანზე მაინც გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს აღნიშნული ფაქტის გამო და აღნიშნეს, რომ ტურნირის სახელწოდებიდან და სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე, საფეხბურთო გუნდი მხოლოდ მოქმედი პარლამენტის წევრებით იქნა წარმოდგენილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი კანონმდებლის შეფასებით, მსგავსი სპორტული ღონისძიებები საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპარლამეტთაშორისო ურთიერთობებს. პარლამენტის წევრებს საშუალება ეძლევა, უფრო ახლოს გაიცნონ მათი კოლეგები და გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, მეგობრული ურთიერთობები სპორტული თამაშების დროსაც ჩამოაყალიბონ.

საქართველოს დელეგაცია თურქეთში 13 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მოთამაშეთა შორის 11 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, ხოლო ორი თავისუფალი დემოკრატი. ენმ-ს წარმომადგენლებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

კომენტარები