საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრავ ავტომობილს წუხელ ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო, გვირაბში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ერთი საათით რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე იყო შესაძლებელი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.
"დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოყვანილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის გვირაბში აღდგენილია. დასავლეთიდან მომავალ ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც გვირაბის შუა ნაწილში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ განხორციელდა ავტომანქანაში მყოფი მგზავრების ევაკუაცია, რომელთა შორის მცირეწლოვანიც იმყოფებოდა", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.





