საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, "რატომ უნდა იყოს გაკვირვების საგანი, თუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს ან გამოთქვამს აზრს სხვა არასამთავრობოებზე". ღარიბაშვილი გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მისი ორგანიზაცია მოქალაქე წარმოადგენს კვლევას ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის შესახებ. დღეს 46-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ ივანიშვილის ეს განცხადება შესაძალოა აღქმული იქნას ზეწოლად არასამთავრობო სექტორზე.
"მე მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს დაფუძნებული ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე. ბატონმა ბიძინამ განაცხადა ერთი წლის წინ, რომ ის გადადიოდა და გადავიდა კიდეც არასამთავრობო სექტორში. რატომ არის ასეთი შეშფოთება სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელია. თუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს ან გამოთქვამს აზრს სხვა არასამთავრობოებზე, რატომ უნდა იყოს გაკვირვების საგანი? მე ვერ ვხვდები აბსოლუტურად. ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, თავისუფლება, რომ ერთმანეთზე გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ასე რომ, ასეთ ვითარებაშიც, როცა ჩვენ, ხელისუფლება ხშირად ვისმენთ კრიტიკას, ყოველთვის გაგებით ვეკიდებით. ეს არის პროცესი, ჩვენ საქართველოში უზრუნველვყავით სრული გამჭვირვალობა და დემოკრატია. ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, მომწონს თუ არ მომწონს თქვენი ნათქვამი, რუსთავი 2-ის იქნება თუ სხვა რომელიმე ტელევიზიის. ასევე, ხუმრობით ვამბობ, იქნება ეს არასამთავრობო თუ სხვა, ამის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს გარანტირებულად დაცული საქართველოში. ის დრო დასრულდა, როდესაც სიტყვის თავისუფლებას პრაქტიკულად გარანტიები არ ჰქონდა. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობდით, ჩვენთან არც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება იყო და არც არაფერი, სრული კონტროლი იყო მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო სექტორზე. ასე რომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჩვეულებრივი დისკუსია, პაექრობა და ეს ნორმალურია. ეს არის დამახასიათებელი დემოკრატიული ქვეყნებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





