კრიზისი უკრაინაში

ობამა: არ მგონია, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა გონივრული იყოს

worldtribune.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განვითარებული კრიზისი პუტინის მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია. მან რუსეთის ლიდერი უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკების მცდელობები წარუმატებელი გამოდგა და შეერთებული შტატები და ევროპა მასზე ზეწოლას გააგრძელებენ. თუმცა, ობამას თქმით, სამხედრო სფეროში უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია.

"ის, რაც ხდება, მოწმობს, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები მცდარი იყო. ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ გადატვირთვის პოლიტიკა და ეფექტური სამუშაო ურთიერთობა დავამყარეთ პრეზიდენტ მედვედევთან. ამის შედეგად რუსეთის ეკონომიკა იზრდებოდა და შეიქმნა ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. გადაწყვეტილება ყირიმთან და უკრაინასთან დაკავშირებით პუტინმა არა რაიმე გრანდიოზული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მიიღო, არამედ იმიტომ, რომ მაიდანი და იანუკოვიჩის გაქცევა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შემდგომში იგი სულ უფრო ღრმად ეფლობოდა სიტუაციაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ამის შედეგი გახდა რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია და სანქციები, რომლებიც რუსულ ეკონომიკას აზარალებს იმ დროს, როდესაც ნავთობის ფასები ეცემა. ყირიმის ანექსია რუსეთისთვის არა მომგებიანი, არამედ ზარალი მომტანი იქნება. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ახალი მიწების დაპყრობა ერის სიდიადის ფორმულას წარმოადგენდა. ჩვენ შეგვიძლია, ისე გავაკეთოთ, რომ რუსეთისთვის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. შეგვიძლია, დიპლომატიური ზეწოლა განვახორციელოთ. მაგრამ არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა გონივრული იყოს", - თქვა ობამამ.

 

 

კომენტარები