ISIS

ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა კიდევ ერთ იაპონელ მძევალს მოჰკვეთა თავი

thehindu.com

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტერორისტი იაპონელ მძევალს თავს ჰკვეთს. იაპონიის მთავრობა კვლავ ცდილობს ვიდეოში მოკლულის იდენტიფიცირებას.

სავარაუდოდ ტერორისტების მსხვერპლი 47 წლის კენჯი გოტოა. ის იაპონელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სირიაში 2014 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი სირიაში წასვლის მიზეზი მეორე იაპონელი მძევლის, ჰარუნა იუკავას შესახებ სიუჟეტის მომზადება იყო, რომელიც ტერორისტებმა რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მაშინ გავრცელებულ 3-წუთიან ვიდეოში კენჯი გოტოს ფოტო ეჭირა, რომელზეც, როგორც თავად აღნიშნავდა, ჰარუნა იუკავას ცხედარი იყო აღბეჭდილი. ინგლისურად მოსაუბრე გოტო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, იორდანიაში დაჯგუფების დაკავებული წევრის გათავისუფლებას ითხოვდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მუქარის პირველი ვიდეო 20 იანვარს გაავრცელა. მასში დაჯგუფების მებრძოლი 72 საათში იაპონიის მთავრობისგან 200 მილიონი დოლარის გადახდას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ორი იაპონელი მძევლის მოკვლით იმუქრებოდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ტყვეების გათავისუფლება. მან თქვა, რომ იაპონია ტერორისტებს არ დანებდებოდა და კვლავ განაგრძობდა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას.

კომენტარები