Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: წიკლაურსა და ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლეს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი თავი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. ტექსტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობდნენ, რათა თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. მთავარმა პროკურატურამ კი 80 საჩივრიდან მხოლოდ ოთხზე დაიწყო გამოძიება. ანგარიშში ნახსენებია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურსა და ენმ-ის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმები, თუმცა, Human Rights Watch აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობდნენ, რათა სამსახური დაეტოვებინათ. არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ "ჩნდება ეჭვი, ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იქცნენ სამიზნედ".

"მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მუნიციპალურ არჩევნებში ივნისსა და ივლისში. ამით მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აღმასრულებელი შტოს სრული კონტროლის საშუალება მიეცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კოალიციამ ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საუბრობდნენ ხმის მიცემის დროს გარკვეული ტექნიკურ და პროცედურულ ხარვეზებზე, მათი განცხადებით, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. ეს განცხადებები ეხებოდა კანდიდატურების ფაქტიურ მოხსნასაც თორმეტზე მეტ მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებების დაშლას. ივნისში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით იმ 80 საჩივრიდან, რომლებიც მათ მიიღეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ.

ძალადობრივ ინციდენტებში შედიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ჩაშლა ოთხ ქალაქში აგრესიული ადამიანების ჯგუფების მიერ აპრილში და დაუდგენელი პირების თავდასხმა მარტში ნუგზარ წიკლაურზე - აქტიურ პარლამენტარზე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც უმნიშვნელო დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო მცირე ხნით. მაისში რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრს; თავზე მიღებული ტრავმების გამო ჭიაბერაშვილიც ჰოსპიტალიზებული იყო მცირე ხნით. ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა.

არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ თბილისის მერიის რამდენიმე თანამშრომელმა გააკეთა განცხადება მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რომ „ნებაყოფლობით" დაეტოვებინათ სამსახური ან მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, 1 აგვისტოს და 7 სექტემბერს შორის პერიოდში თბილისის მერიამ 155 თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის 115 „პირადი განცხადების" საფუძველზე, რომლებიც ზეწოლის შედეგად შეიძლება ყოფილიყო დაწერილი. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იქცნენ სამიზნედ", - წერია ანგარიშში.

კომენტარები