Human Rights Watch-ის ანგარიში

2024 წელს საქართველოში ადმიანის უფლებები მნიშვნელოვნად გაუარესდა – HRW-ის ანგარიში

სპეცრაზმელები 2023 წლის 7 მარტის აქციის დარბევაზე.
Irakli Gedenidze/Reuters

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის ფონზე საქართველოში არსებული ვითარებაც არის შეფასებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

HRW ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონები, რომლებიც გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებებს ზღუდავს, გასული წლის ნოემბერში კი EU-ში გაწევვრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რამაც მასშტაბური აქციები გამოიწვია.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს არჩევნების გაყალბების შესახებ ცნობებსა და ხელისუფლების მხრიდან აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების რეპრესიებზე. 

HRW რუსული კანონის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი მედიისა და ჯგუფების მარგინალიზებას ემსახურება.

“მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება, მაგრამ მათი სხვა ოფიციალური რიტორიკა, კანონის წარდგენის დრო და არსებითი დებულებები მიუთითებს, რომ ის დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის დისკრედიტირებასა და მარგინალიზებას ისახავს მიზნად”. - წერია ანგარიშში.

ანგარიშში მოყვანილია გაეროს, ევროპის საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტთა მოსაზრება და ვენეციის კომისიის შეფასება, რომლის მიხედვით რუსული კანონი “კანონიერების, ლეგიტიმურობისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროების მოთხოვნებს” არ აკმაყოფილებს და პროპორციულობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს არღვევს. 

დასკვნაში ასევე ნახსენებია, რომ აშშ-მ 2023 წლის ივნისში ათობით პირს “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის” სანქციები დაუწესა.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ “ხელისუფლებამ “ოჯახის ღირებულებებისა და ბავშვების დაცვის” ნიღაბს ამოფარებულად მიიღო” დისკრიმინაციული ანტი-LGBT კანონი, რომელიც განათლების, ჯანდაცვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს ზღუდავს.

HRW-ის ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მათ დაუსჯელობის პრობლემაზე. ანგარიშის მიხედვით, როდესაც ხალხმა აპრილში რუსული კანონის ხელახლა წარდგენის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, პარლამენტის წინ განსაკუთრებით დიდი ზომის აქციების დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთანავე, HRW-ის მიხედვით, "იყო სანდო ცნობები პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, სულ მცირე, ერთხელ, 1-ელ მაისს".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ასობით პირი წვრილმანი დანაშაულის ბრალდებებით დააკავა, და სასამართლოებმა ზედაპირული პროცესების შემდეგ მათ ჯარიმები დააკისრა. HRW ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, ათეულობით ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა დაზიანებები მიიღო. 

HRW ასევე ხაზს უსვამს, რომ ცემებში არაფორმალური მოძალადე დაჯგუფებები მონაწილეობდნენ და მრავალი დაკავებული პირი არასათანადო მოპყრობის შესახებ იტყობინებოდა. 

"პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ისინი მომიტინგეებს ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს უსაფუძვლოდ ესროდნენ. პოლიცია სცემდა, დასდევდა და აკავებდა ძირითადად მშვიდობიან მომიტინგეებს. ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები, ცემაში მონაწილეობდნენ. რამდენიმე ასობით მომიტინგე დააკავეს წვრილმანი და სისხლის სამართლის დანაშაულების ბრალდებებით. მრავალი იტყობინებოდა დაკავებისას ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ და ათობით პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა". - წერია ანგარიშში.

HRW-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის აპრილიდან ივნისანმდე მცირე ძალადობრივი ჯგუფები ათობით აქტივისტს თავს დაესხნენ, რასაც, მრავალ შემთხვევაში დაზიანებები მოჰყვა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციას ანგარიშის წერის დროისთვის არცერთი ბრალდებული არ დაუდგენია ან დაუკავებია.

"თავდასხმათა უმეტესობას თავდამსხმელმთა მცირე ჯგუფები საჯარო სივრცეებში აწყობდნენ, სადაც ახლომახლო თვითმხილველები და CCTV კამერები იყო. მართალია, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ წერის დროისთვის არცერთი ბრალდებული არ ამოიცნეს ან დააკავეს, რაც გამოძიების შესახებ ეჭვებს აჩენს". -  წერია ანგარიშში

უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე წერს რუსული კანონის მიღებამდე სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტების დაშინებისა და შევიწროების "სავარაუდოდ კოორდინირებულ კამპანიაზე".

"ასობით აქტივისტმა და მათმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის ბავშვბემა, განმეორებითი და ანონიმური მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მიიღეს. რამდენიმე ქალაქში ცილისმწამებლური კამპანიის პოსტერები ასახავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებსა და კრიტიკულ ჟურნალისტებს და მათ მოღალატეებად და მტრებად მოიხსენიებდნენ". - წერია ანგარიშში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშში მოყვანილია საერთაშორისო დამკვირვებლების და ქართული ჯგუფების ცნობები. 

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ არჩევნებში წარმოდგენილი იყო კანდიდატთა “ფართო არჩევანი”, მაგრამ აღნიშნეს შეშფოთებები “ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე” ბოლოდროს მიღებული კანონების გავლენის, საჯარო მოხელეებსა და სხვა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 24%-ში ხმის ფარულობის დარღვევების შესახებ". - წერია ანგარიშში.

ანგარიშის გენდერისა და სქესის ნაწილში საუბარია სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონზე, რამაც, ორგანიზაციის მიხედვით, დისკრიმინაციული შეზღუდვები დააწესა განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებებზე. ორგანიზაციის თქმით, ამ კანონით, "ასევე აიკრძალა ლგბტ ადამიანების პოზიტიურად ხსენება ლიტერატურაში, ფილმსა და მედიაში, ისევე როგორც სკოლებსა და საჯარო შეკრებებზე".

HRW აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში წარმომადგენლობა კვლავ რეკომენდებულ ევროპულ 40-პროცენტიან სტანდარტზე დაბლაა. "საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 3-ს ჰყავს ქალი მერი და ქალები 2020 წელს არჩეული პარლამენტარების 19%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ". - წერია ანგარიშში.

ბავშვთა უფლებათა ნაწილში ორგანიზაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის, უყურადღებობის, სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობს და იხსენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს.

“გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა რამდენიმე ძირითადი კუთხით მყისიერი ზომების მიღების საჭიროებას, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, უყურადღებობის, სექსუალური ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის მხრივ.

კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა არასაკმარის ზომებთან დაკავშირებით, რათა მოგვარებული იყოს ძალადობა ოჯახებში, მზრუნველობით ინსტიტუტებში, თავშესაფრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში.

ივნისში კომიტეტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობაში არსებულ ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე. მან დაასკვნა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, საჭირო ნაბიჯები გადაედგა, რათა გამოძიებული და მოგვარებული ყოფილიყო ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ". - წერს HRW.

ანგარიშის ბოლო ნაწილი შრომით უფლებებს ეხება, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოში ეს საკითხი სერიოზულ პრობლემად რჩება.

კომენტარები