Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე, მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა საქართველოში 2021 წელთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა

ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად მიმოხილულია 2021 წელს ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, გაუარესდა გასული წლის განმავლობაში. მედიასთან დაკავშირებით გამოყოფილ ცალკე პარაგრაფში ვრცლად არის მიმოხილული 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული თავდასხმა, მათ შორის, TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზეც. 

ანგარიშში მითითებულია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მეორე დღესვე ხელისუფლებამ ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების ვერსია გააჟღერა. 

"ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლებმა განიცადეს არაერთი მუქარა და თავდასხმა 2021 წლის განმავლობაში. თებერვალში პოლიციამ დააკავა სამი ადამიანი, რომელიც თავს დაესხა ვახო სანაიას, დამოუკიდებელი ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს. სანაიამ თქვა, რომ თავდამსხმელებმა ის იცნეს და თავდასხმის დროს შეურაცხყოფას აყენებდნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

5 ივლისს დაგეგმილი პრაიდის მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის მოტივით შეკრებილმა სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს, როგორც მინიმუმ, მედიის 53 წარმომადგენელი, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები ტელეკომპანიებიდან TV პირველი, ფორმულა, მთავარი არხი რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო თავისუფლების ქართული ოფისიდან და რამდენიმე ონლაინ მედია გამოცემიდან. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აღჭურვილობა. რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური დაზიანებების შედეგად სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 

პოლიცია ადგილზე იყო, მაგრამ ვერ შეძლო ძალადობრივი ინციდენტების აღმოფხვრა. 

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე ხელისუფლებამ, მისივე თქმით, "ექსპერტიზის შუალედური დასკვნის" საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. 

ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

22 ივლისს კულტურის მინისტრმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის მთავარი არხის ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად მიკროფონი წაგლიჯა და აღარ დაუბრუნა". – წერია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. 

"გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები". – წერია ანგარიშის შესავალ ნაწილში. 

კომენტარები