Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: 2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა

ტაბულა

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2021 წელს პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

2021 წელს მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები.

ანგარიში მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მუნიციპალური არჩევნები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, მედიის თავისუფლება, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ბავშვთა უფლებები, შრომითი უფლებები, საერთაშორისო აქტორები.

  • მუნიციპალური არჩევნები

ანგარიში მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისის, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს, 19 აპრილის შეთანხმებით მიღწეულ პირობებს და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ანგარიშში მოყვანილია ეუთოს/ოდირის შეფასება არჩევნების შესახებ.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით არჩევნები კონკურენტული და "ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული" იყო, მაგრამ "ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა". ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ კი დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ "რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

  • სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება

ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა სამართალდამცველთა დაუსჯელობას და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის თებერვალში პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა.

ანგარიშში ასევე აღწერილია 2021 წლის 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ძალის გამოყენებით პოლიციის შეჭრა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება. ანგარიშში მოყვანილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება.

ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები. მელიას ბრალად 2019 წელს თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის წახალისება ედებოდა და ის უარს ამბობდა გირაოს იმ გაზრდილი თანხის გადახდაზე, რომელიც მას 2020 წლის ნოემბრის მიტინგზე ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური მოხსნის შემდეგ დაეკისრა.   

საია-მ პოლიცია ასევე გააკრიტიკა დაუმორჩილებლობის ბრალდების "მშვიდობიანი პროტესტის აღკვეთის" საშუალებად გამოყენებისთვის იმ ადამიანთა დასაკავებლად, რომლებიც ზემოაღნიშნულ რეიდს აპროტესტებდნენ.

ანგარიშში მოხვდა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. 

ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“. უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს.

Human Rights Watch-ი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

სექტემბერში ანონიმურმა წყარომ, რომელიც ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, მედიას ათასობით დოკუმენტი მიაწოდა. მასალები მოიცავდა ქართული სამღვდელოების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას მათი ინტიმური ურთიერთობების, სექსუალური ორიენტაციის ან ნარკოტიკების უკანონო მოხმარების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული. მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო. ამ გამოჟონილ მასალებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  

  • მედიის თავისუფლება

Human Rights Watch-ის შეფასებით, გასული წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა გაუარესდა. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული თავდასხმა, მათ შორის, TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზეც. ანგარიშში მითითებულია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მეორე დღესვე ხელისუფლებამ ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების ვერსია გააჟღერა

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს, ხოლო პოლიცია "ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო". ანგარიშში მოხვდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის, ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევაც.

22 ივლისს კულტურის მინისტრმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად მიკროფონი წაჰგლიჯა და აღარ დაუბრუნა.

  • სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ანგარიშში აღწერილა 5 ივლისის მოვლენები, ულტრამემარჯვენე, პუტინისტი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის ოფისის დარბევა, ჟურნალისტებზე ძალადობა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად ხელისუფლებამ თბილისი პრაიდი დაადანაშაულა.

მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტიანად აღკვეთა. ძალადობის ამ ტალღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სულ ცოტა, 27 ადამიანი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია.

Humans Rights Watch-ი საუბრობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზეც და ხელისუფლების მიერ სამართლებრივად ტრანსგენდერი პირის სქესის შეცვლის პრეცედენტზე. ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერი ადამიანის სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნა "სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობის და სიღარიბის რისკებს ზრდის".

  • ბავშვთა უფლებები

საქართველოში ბავშვთა უფლებების კუთხით ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე, სახალხო დამცველისთვის მონიტორინგზე უარის თქმასა და პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე.

ანგარიშში ასევე განხილულია პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განათლებაზე წვდომის შეზღუდვების პრობლემები. ორგანიზაციას მოჰყავს პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობაზე იუნისეფის შეფასება.

იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50,000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე. ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.

  • შრომითი უფლებები

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ შრომით კანონმდებლობაში შესული ცვლილებების და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მიუხედავად, სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა პრობლემად რჩება.

ამ რეფორმების მიუხედავად, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, შრომის ინსპექციის ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს. დამოუკიდებელი პროფკავშირის სოლიდარობის ქსელის ივნისის ანგარიშის თანახმად, ექთნების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

  • საერთაშორისო აქტორები

ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა დასავლელი პარტნიორების ურთიერთობას საქართველოსთან და მათ მხარდაჭერას პოლიტიკური კრიზისი დაძლევაში. ორგანიზაციამ განიხილა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის ჩართულობით მედიაციის პროცესი, ევროპარლამენტის შენიშვნა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან და საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შეფასება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებები ღირსების მარშის გაუქმების და ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო.

კომენტარები