ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირმა რუსეთს 17 მარტამდე დაწესებული სანქციები სექტემბრამდე გაუგრძელა

Reuters

მარიუპოლის დაბომბვის გამო მოწვეულ რიგგარეშე მინისტერიალზე, ევროკავშირმა რუსეთს 17 მარტამდე დაწესებული სანქციები სექტემბრამდე გაუგრძელა. შეზღუდვები იმ პირებსა და კომპანიებს შეეხოთ, რომლებიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებლები. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფრედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 9 თებერვლის მინისტერიალამდე სია კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირმა გაზარდა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებაც, რომელიც უკვე 95 მილიონ ევროს უტოლდება. უკანასკნელ დღეებში უკრაინაში 85 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სექტემბრამდე გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებსა და კომპანიებზე დავაწესეთ 2014 წლის მარტში. გარდა ამისა, ერთ კვირაში მზად გვექნება შეთავაზება, რომ კიდევ უფრო მეტი კონკრეტული პირი და კომპანია დაემატოს ამ სიას. ეს 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების შემდგომ საბჭოზე გადაწყდება.

ასევე გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაო ნებისმიერი სახის მოქმედებისთვის, რათა მინსკის შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან, ვფიქრობ, სიტუაცია უკრაინაში არ გვაძლევს საშუალებას, დღეს საღამოს რამით ვიყოთ ბედნიერნი გარდა იმისა, რომ შევინარჩუნეთ ერთობა, რაც ჩვენი სიძლიერეა და ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს შემდგომი ზომები მომავალ კვირებში, თუ სიტუაცია გამოსწორების ნაცვლად უარესობისკენ წავა, როგორც ეს წინა დღეებში ხდებოდა", - განაცხადა მოგერინიმ.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალს ესწრებოდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრიც, რომელიც ასევე დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას. საბოლოოდ ის, გაიზრდება თუ არა იმ ადამიანებისა და კომპანიების სია, რომლებზეც ევროკავშირის შეზღუდვები სექტემბრამდე გავრცელდება, 12 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე გადაწყდება.

კომენტარები