ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირმა კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის დანაყოფს სანქციები დაუწესა

Reuters

ევროკავშირმა კიბერდანაშაულის გამო სანქციები პირველად დააწესა. სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ცნობილი, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, რუსეთის დაზვერვაში მომუშავე ოთხი პირი, ჩრდილოკორეული კომპანია Chosun Expo და ჩინური ფირმა Haitai Technology Development.

ევროკავშირი რუსეთის დაზვერვას 2017 წლის ივნისში ორი კიბერთავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებს. სამიზნეს წარმოადგენდა რამდენიმე ევროპული კომპანია, რომელთაც შედეგად მასშტაბური ზარალი განიცადეს. რუსეთის დაზვერვის სპეციალური ტექნოლოგიების დეპარტამენტს ადანაშაულებენ 2015 და 2016 წლებში უკრაინაზე მოწყობილ კიბერთავდასხმებშიც.

რუსეთის დაზვერვაში მომუშავე ოთხ პირს სანქციები დაუწესდა 2018 წელის აპრილში ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე მოწყობილ კიბერთავდასხმაში მონაწილეობის გამო.

ჩრდილოკორეული კომპანია Chosun Expo სანქციების სიაში Lazarus Group-ის მხარდაჭერის გამო მოხვდა. Lazarus Group პასუხისმგებელია მსოფლიოს გარშემო არაერთ კიბერთავდასხმაზე, მათ შორის 2016 ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკში ბანგლადეშის ბანკის ანგარიშიდან 81 მილიონი აშშ დოლარის მოპარვაზე. კომპანიას ადანაშაულებენ 2014 წელს Sony Pictures-ზე თავდასხმაშიც, რათა შეეჩერებინათ კიმ ჩენ ინზე სატირული ფილმის ეკრანებზე გამოსვლა. ამ კომპანიებისთვის სანქციები აშშ-საც აქვს დაწესებული. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიების უკან ჩრდილოეთ კორეის დაზვერვა დგას.

ჩინურ ფირმას, Haitai Technology Development-ს კი ოპერაცია Cloud Hopper-ის სახელით ცნობილი კიბერთავდასხმების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ოპერაციის მიზანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაციის მოპარვა წარმოადგენდა. სანქციების სიაში შეიყვანეს ოპერაციაში მონაწილეობაში ბრალდებული ჩინეთის ორი მოქალაქეც.

სანქციების ფარგლებში სიაში მოხვედრილ პირებს და ორგანიზაციებს დაუწესდებათ სამოგზაურო აკრძალვები და გაეყინებათ ანგარიშები. ევროკავშირი კერძო პირებს, კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს მათთან თანამშრომლობას აუკრძალავს, დარღვევის შემთხვევაში კი შავ სიაში შეიყვანს.

კომენტარები