კრიზისი უკრაინაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის შესახებ მომზადებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციის ტექსტს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8-მ თავი შეიკავა.

დოკუმენტში ღიად ჩაიწერა, რომ რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი და ამასთან ერთად დონბასში მისი ქმედებების შედეგად 630 ათასზე მეტი ადამიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში დევნილად იქცა.

დოკუმენტში ასამბლეამ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. 

კომიტეტი შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის როლის გამო კონფლიქტის პროვოცირებასა და ესკალაციაში, სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების გამო, რაც საერთაშორისო სამართლის მკვეთრი დარღვევაა.

კომიტეტი წუხს, რომ კონფლიქტში დიდი რაოდენობით რუსი "მოხალისე" მონაწილეობს, რუსეთის ხელისუფლება კი მათ შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. კომიტეტის მოსაზრებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი ვერ მოგვარდება რუსეთის თანაზომიერი პოლიტიკური სურვილის გარეშე. დოკუმენტში წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეას სურს რუსეთის დელეგაციასთან კონსტრუქციული დიალოგი.

დღესვე დამტკიცდა უკრაინის მიერ ინიცირებული შესწორება რეზოლუციაში, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების დაფინანსებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების მხარდაჭერისგან, ასევე დაიცვას მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

კომენტარები