კრიზისი უკრაინაში

ობამა და მერკელი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

Foxnews

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში სიტუაციის გართულებისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება. მერკელმა და ობამამ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო და ხაზი გაუსვეს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მინსკის შეთანხმების შესრულება და ყველა მძევლის გათავისუფლება მოსთხოვა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ პოლონურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სანქციებმა რუსეთის მიმართ ეფექტი გამოიღო და აუცილებელია რუსეთზე ზეგავლენა, რათა მან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება არ არის დაგეგმილი, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ედგარ რინკევჩუსის თქმით, სავარაუდოდ, შეხვედრაზე მომზადდება ახალი წინადადებები, გადაწყვეტილება კი მოგვიანებით იქნება მიღებული.

უკრაინაში, დონეცკის ოლქში პრორუსმა სეპარატისტებმა გრადის ტიპის დანადგარიდან ქალაქ სვეტლოდარსკის საავადმყოფო დაბომბეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. უკრაინული წყაროების მონაცემებით, სეპარატისტები ქალაქ დებალცევოსთან უკრაინულ ძალებს პერიოდულად უტევენ, ამ ბრძოლებში რუსეთის სადესანტო ნაწილებიც მონაწილეობენ.

კომენტარები