სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნახევარი არ შესრულდა

სახალხო დამცველმა დღეს მისი აპარატის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ რეკომენდაციების ნახევარი არ შესრულდა. ყველაზე მეტი, 40 რეკომენდაცია პროკურატურას გადაეგზავნა, მათ შორის 8 არ შესრულდა, 9-ზე კი უწყებამ პასუხი არ გასცა. სახალხო დამცველის შენიშვნები, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღეს, არასათანადო მოპყრობასა და სამართალდამცავი პირების ქმედებებს ეხებოდა.

„არის რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა. მაგალითად, იყო რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებოდა გამოძიების დაწყებას. რიგ შემთხვევებში გამოძიება დაიწყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პროკურატურის შემდეგ ყველაზე მეტი რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროზე გაიცა. მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის მტკიცებით, მათი დიდი ნაწილი შესრულდა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტები გასაკვირი არ არის. სწორედ ამიტომ, უწყების მოვალეობა და ამოცანაა, მოხდეს ფაქტის დაფიქსირება, გამოძიება და რეაგირება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაეცნობა.

„თებერვალში დავიწყებთ უკვე ოფიციალურად მოსმენას ყველა უწყების მხრიდან, რა რეკომენდაცია შესრულდა, რა ვერ შესრულდა და რატომ ვერ შესრულდა. ამ ანალიზის შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

კომენტარები