კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი: მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა. ამის შესახებ მან ნორვეგიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან შეშფოთებული ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების სერიოზული ესკალაციისა და იქ თვეების მანძილზე რუსული შეიარაღებული ძალების ყოფნის გამო. ჩვენ ვნახეთ რუსული მძიმე ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აღმოსავლეთ უკრაინაში. ვგულისხმობ ტანკებს, არტილერიას, შეიარაღებულ მანქანებს, მოწინავე საჰაერო თავდაცვით სისტემებს.

ეს არ არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და დაიცვას მინსკის შეთანხმება", - თქვა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, დღეს, უკრაინის დროით 08:00 საათზე, დონეცკში ავტობუსის გაჩერების დაბომბვის შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა. დაღუპულები მგზავრები და ახლომდებარე მანქანაში მყოფი პირია.

გასულ კვირას კი, დონეცკში ავტობუსის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

გუშინ ღამე, დონეცკის აეროპორტის ახალ ტერმინალში ბრძოლებისას, უკრაინელი ჯარისკაცების სტრატეგიული ადგილები მთლიანად დაინგრა. დაიღუპა ათობით უკრაინელი ჯარისკაცი. გადარჩენილებმა აეროპორტი დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა ტერორისტებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, 4800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1.2 მილიონმა საცხოვრებელი დატოვა.

კომენტარები