ISIS

ტერორისტული დაჯგუფება ISIS ახალ ვიდეოში ორი იაპონელი ტყვეს მოკვლით იმუქრება

AP Photo

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც დაჯგუფების მებრძოლი 72 საათში იაპონიის მთავრობისგან 200 მილიონი დოლარის გადახდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ორი იაპონელი ტყვეს მოკვლით იმუქრება.

ვიდეოში ჩანს ორი ტყვე და ტერორისტი, რომელსაც სახე დაფარული აქვს და ხელში დანა უჭირავს. ტერორისტი ინგლისურად, ბრიტანული აქცენტით საუბრობს. მისი ხმა იმ მებრძოლის ხმას ჰგავს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ სხვა ვიდეოებშიც ჩანს.

უკვე მოხდა ტყვეების იდენტიფიკაცია. ერთ-ერთი მათგანი, კენჯი გოტო იოგო, ჟურნალისტია, რომელიც ომების და კონფლიქტების თემაზე მუშაობდა. მისი Twitter-დან ირკვევა, რომ ის გასული წლის ოქტომბერში სირიულ ქალაქ კობანში მუშაობდა, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ქურთულ ძალებს ებრძოდა.

მეორე ტყვე ჰარუნა იუკავა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში ჩაუვარდა ტყვედ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს.

სამშაბათს, 20 ოქტომბერს, ისრაელში ვიზიტისას, იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ტყვეების გათავისუფლება.

იაპონიურ მხარეს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა გადაიხადოს ტერორისტების მიერ მოთხოვნილი თანხა, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ “იაპონია ტერორისტებს არ დანებდება” და კვლავ განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას.

კომენტარები