რუსეთ-საქართველო

კანდელაკი: რუსეთის ამოცანაა საქართველოს იზოლაცია სატრასპორტო თვალსაზრისითაც

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, "რუსეთის ამოცანაა საქართველოს იზოლაცია სატრასპორტო თვალსაზრისითაც". კანდელაკმა თბილისი-მოსკოვის რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოგზავნილი ნოტა და რუსეთის პირობებზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობა შეაფასა.

"თუ საქართველოს მთავრობამ მიანიჭა რუსულ გადამზიდავებს ზღვარგადასული პრივილეგიები, მაშინ ბოლო წლების მიღწევები, მათ შორის ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხალხს აქვს საშუალება, იფრინოს იაფად ევროპაში, ამ ყველაფერს დაესმევა წერტილი. იმის მაგივრად, რომ გაგრძელდეს ქუთაისის აეროპორტის განვითარება და ქუთაისი გადაიქცეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად, მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რაც რეალურად ამ ყველაფერს დაუსვამს წერტილს", - განაცხადა კანდელაკმა.

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ნოტაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმაც ისაუბრა. ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უაპელაციო თანხმობა განაცხადა ყველა იმ პირობაზე, რომელთა დაკმაყოფილებასაც რუსეთი ითხოვდა. მისივე ვარაუდით, რუსული ავიაკომპანიების შემოსვლის შესახებ ინციატივის წინასწარი განხილვა მოხდა ე.წ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში. დეპუტატის შეფასებით, "დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ზურგსუკან ქვეყნისთვის საზიანო გარიგებების დადებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან".

კომენტარები