კრიზისი უკრაინაში

საგარეო უწყება ვოლნოვახში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლნოვახში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან პრორუსი სეპარატისტების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაღუპულ ავტობუსის მგზავრთა რაოდენობამ 12 ადამიანს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ბრძანებას მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ.

კომენტარები