უამინდობა საქართველოში

უსაფრთხოების საბჭო: მლეთადან გუდაურამდე მოძრაობა აღდგენილია

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, გუდაური - ფასანაურის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ამ მომენტისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მოძრაობა აღდგენილია მლეთადან გუდაურამდე. საგანგებო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ ჯვრის უღელტეხილზე დარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტის დასახმარებლად. სტიქიის ზონებში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით.

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებთ საბჭო საგანგებო თათბირს მართავს, რომელშიც მთავრობის წევრები მონაწილეობენ. უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. მისი გადაწყვეტილებით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები გუდაურსა და სტეფანწმინდაში.

საბჭოს ცნობაში ნათქვამია, რომ „ამ წუთებში დავით სუჯაშვილი საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც ესწრებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი კობერიძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები".

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეუძლიათ სტიქიის ზონებში შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 3229909002355, 3229909002366, +995 577113331, +995 599550466", - ნათქვამია საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები