დიდთოვლობა

ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცი თოვლში გაყინული იპოვეს

AP

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. უკვე მესამე დღეა, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. პრობლემები აქვთ მგზავრებსაც, რომლებიც სომხეთის მიმართულებით გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. დიდთოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა - ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცი თოვლში გაყინული იპოვეს.

კობთან კი, შაბათის შემდეგ გაჩერებულები არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ჩაკეტილი გზების გამო ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ საკვების მარაგი უკვე ამოეწურათ.

უკვე მეოთხე დღეა, ყაზბეგიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ დამსვენებლები. ერთ-ერთმა მათგანმა მარიამ უძილაურმა ტაბულას განუცხადა, რომ მაღაზიაში ამოიწურა საკვები პროდუქტის მარაგი. დამსვენებლები ვერტმფრენით გაყვანას ითხოვენ, თუმცა უამინდობის გამო ვერც საგანგებო სამსახურები და ვერც კერძო კომპანიები ყაზბეგში ფრენას ვერ ახორციელებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ყველა სახის ავტომობილისთვის უკვე თავისუფალია ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე.

მოძრაობა აღდგენილია ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.

კომენტარები