დიდთოვლობა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მანქანები თოვლშია ჩარჩენილი

რუსთავი 2

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა და ტემპერატურის მკვეთრად ვარდნაა მოსალოდნელი. უამინდობა 9 იანვრამდე გაგრძელდება. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აკრძალულია. ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ქარბუქის გამო მანქანები თოვლშია ჩარჩენილი. ავტომობილებიდან სამართალდამცველებმა და სამაშველო ჯგუფებმა დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც. უხვი ნალექის გამო გუდაურისკენ ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება გუშინ საღამოს 10:00-დან აიკრძალა.  ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მორიგეობდნენ. ზვავსაშიშროების გამო მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში ფასანაურში იცდიდნენ. მძიმე მდგომარეობაა გუდაურში, მანქანები ვერ გადაადგილდებიან ლარსის მიმართულებით. მძღოლებმა ამ დრომდე არ იციან, როდის გაიხსნება გზა. გუდაურში თოვლის საფარმა 170 სანტიმეტრს მიაღწია.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შეუწყვეტლად თოვდა კობში, გუდაურსა და ფასანაურში. გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა გზის არცერთ მონაკვეთზე. გზების დეპარტამენტში გამოდარებას ელოდებიან, თუმცა გუდაურში მოდევნო სამი დღის განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი. ღამის ორი საათისთვის ნაწილობრივ გაიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთი და გზის გაგრძელების უფლება მხოლოდ რამდენიმე მანქანას მისცეს. ამ დრომდე უამინდობის გამო ადგილზე ვერ შედის მძიმე ტექნიკა. წუხელ ღამით ზვავი დაახლოებით 6 ადგილზე ჩამოწვა. გზის გაწმენდა ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება. 

რაც შეეხება თბილისს, მეტეოროლოგების პროგნოზით, დედაქალაქში 8 იანვრიდან მოთოვს.

კომენტარები