ქართველი მებრძოლი უკრაინაში

ენმ: სამინისტროს განცხადება ჯარისა და საზოგადოების შეურაცხყოფა და ღალატია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ქართული ჯარისა და საზოგადოების უმძიმეს შეურაცხყოფასა და ღალატს უწოდებს. ამის შესახებ ენმ-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

"თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თუ მოაწერდა ხელს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ის იყო მოხალისე და ის უკრაინაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი არის საქართველოს გმირი და ივანიშვილის ხელისუფლების უტიფარი მცდელობა, მისი თავდადება წარმოაჩინონ ანგარებად ან ის წარმოაჩინონ რაღაც გაურკვეველი პროვოკაციის მსხვერპლად, არის ქართული ჯარისა და მთელი ქართული საზოგადოების უმძიმესი შეურაცხყოფა და ღალატი" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს საღამოს გამოაქვეყნა განცხადება სადაც უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას".

კომენტარები