ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

პრეზიდენტი სტრასბურგში ელმარ ბროკს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი პირველად ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მნიშვნელობასა და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს.

"ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და ამ დოკუმენტის რატიფკაციის შემდგომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ხელშესახები შედეგები, რაც აისახება კიდეც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრას, რომელიც სამუშაო რეჟიმის ფორმატით გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირში საქართველოს საგარეო წარმომადგენელი ნატალია საბანიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. ქვეყნის პირველი პირი დღესვე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს რიჩარდ ჩარნეცკისა და ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოს თემაზე ანდრეი მამიკინს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში პრესკონფერენციასაც გამართავს და ქართული და უცხოური მედიის შეკითხვებს უპასუხებს",-წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

კომენტარები