ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ბოკერია: ივანიშვილის ჟინი ბარიერია და უნდა ჩამოსცილდეს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, "ეს არ არის გზის დასასრული". მისი თქმით, გზის ბოლომდე მიყვანამდე "ერთი განსაკუთრებული ბარიერი გაგვიჩნდა".

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, ეს არ არის გზის დასასრული. ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა, ნებისყოფა და უნდა ჩავდოთ შრომა, რომ ეს გზა ბოლომდე მივიყვანოთ. გაგვიჩნდა ერთი განსაკუთრებული ბარიერი - ეს არის ჩვენი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, ოლიგარქ ივანიშვილის ჟინი, რომ ვინც მას პოლიტიკურად არ მოსწონს, ჩასვას ციხეში, რაც საერთოდ შეუთავსებელია ევროპულ იდენტობასთან. რა თქმა უნდა, ეს აღნიშნულია ამ რეზოლუციაში და დემოკრატიული გზით, ამა თუ იმ ფორმით, ეს ბარიერი უნდა ჩამოსცილდეს",- თქვა ბოკერიამ.

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა. შეთანხმების რატიფიკაციას მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 76 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელშიც წერია, "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული შერიგების მიღწევის საჭიროებას; გამოხატავს შეშფოთებას, რომ ყოფილი ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის არაერთი წევრი სისხლის სამართლის დანაშაულებშია ბრალდებული და ან პატიმრობაშია, ან წინასწარ პატიმრობაში. ასევე გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის სავარაუდო გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული კურსს და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების დარგში. აღნიშნავს, რომ ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემის უპირველესი ამოცანაა".

კომენტარები