ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ჯაფარიძე: რეზოლუციაში მინიშნებაა, რომ ქვეყნის დემოკრატიაში პრობლემებია

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო რეზოლუციით კი გამოჩნდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით პრობლემებია.

"გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, ეროვნულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი დაბრუნების გზაზე. ცხადია, ამას აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ჩევნი ქვეყნისთვის სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა. ხდება მინიშნება, რომ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არის პრობლემები და განსაკუთრებით პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალის დევნა. ჩვენ ორი წელია, ვცხოვრობთ ამ პირობებში და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ. ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ მთავრობის პირობებში მეეჭვება, რომ ეს პრობლემა მოიხსნას",-თქვა ჯაფარიძემ.

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა. შეთანხმების რატიფიკაციას მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 76 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელშიც წერია, "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული შერიგების მიღწევის საჭიროებას; გამოხატავს შეშფოთებას, რომ ყოფილი ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის არაერთი წევრი სისხლის სამართლის დანაშაულებშია ბრალდებული და ან პატიმრობაშია, ან წინასწარ პატიმრობაში. ასევე გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის სავარაუდო გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული კურსს და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების დარგში. აღნიშნავს, რომ ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემის უპირველესი ამოცანაა".

კომენტარები