ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

დღეს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას კენჭს უყრიან

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას კენჭს უყრიან. პლენარულ სხდომაზე ასევე მიიღებენ საქართველოს შესახებ რეზოლუციას.

თავდაპირველად სხდომას საქართველოს მთავრობიდან არავინ ესწრებოდა, თუმცა, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრება. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის სესიაზე დასწრება გადაწყვიტა. 

სანამ მარგველაშვილი და ბერუჩაშვილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე დასწრებას გადაწყვეტდნენ, ცნობილი იყო, რომ ევროპარლამენტში მხოლოდ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იქნებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის რატიფიკაციას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2013 წელს მოახდინა. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, ის, თუ ვინ მოაწერდა ხელს დოკუმენტს - პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, კამათის საგანი იყო. ზოგი კონსტიტუციაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მოეწერა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ 27-ივნისს ბრიუსელში თავად უნდა წასულიყო და დოკუმენტი გაეფორმებინა.

კომენტარები