ხანუქა

თავისუფლების დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ დებსა და ძმებს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

წუხელ ღამით დაიწყო ებრაული დღესასწაული “ხანუქა” (חֲנֻכָּה)  რომელიც რვა დღე გრძელდება. ყოველდღე რვასანთლიან მენორაზე თითო სანთელი ინთება, რაც ამ დღესასაულის მთავარ რიტუალურ სიმბოლოს წარმოადგენს.

ხანუქას დღესასწაული ორ მოვლენას იხსენებს ებრაელი ხალხის ისტორიიდან. ერთს იმას, რომ მაქაბელმა ძმებმა ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში იერუსალიმში დაამარცხეს სელევკიდების ბერძნულ-სირიული იმპერია და თავისუფლება მოიპოვეს. მანამდე სელევკიდთა დინასტიის მეფემ ანტიოქოს IV ეპიფანემ ყველაფერი გააკეთა, რომ ებრაული იდენტობის ყველა ნიშანი გაენადგურებინა და ამოეშანთა პალესტინაში: მან ებრაელებს აუკრძალა თავიანთი რჯულის დაცვა, ებრაელთა მთავარი სიწმიდე, ტაძარი შებილწა და აიძულა ებრაელები სამსხვერპლოზე ღორი შეეწირათ.

მეორე მოვლენა, რომელსაც ხანუქა იხსენებს, ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მაქაბელებმა ბერძნები დაამარცხეს და განდევნეს, მოხდა იერუსალიმის შებილწული ტაძრის განწმედა და სატფურება. სიტყვა “სატფურება” ბევრისთვის უცხოა. სატფურება ნიშნავს ერთხელ ნაკურთხი ტაძრის ხელახლა კურთხევას.

იერუსალიმის ტაძრის ისტორია სამ ეპოქად იყოფა. პირველი იყო სოლომონის ტაძრის ეპოქა, მეორე იყო ეზრაზორობაბელის ეპოქა და მესამე ჰეროდე დიდის ეპოქა. მაქაბელთა გამარჯვების შემდეგ მოხდა სწორედ მეორე ეპოქის ტაძრის სატფურება.

იმისათვის, რომ ტაძრის სატფურება მომხდარიყო, საჭირო იყო მენორაზე, რომელიც ტაძრის მთავარი კანდელაბრი იყო, ყოველ ღამე ანთებულიყო. მაქაბელებს ძალიან ცოტა ზეთი ჰქონდათ მენორას ასანთებად, მაგრამ ის რაც ჰქონდათ, საკმარისი აღმოჩნდა, რომ რვა ღამის განმავლობაში აენთოთ მენორა. რვა დღის შემდეგ, მაქაბელებმა მიაგნეს ზეთს, რათა მენორაზე ყოველდღე ანთებულიყო ლამპარი.

მთელი დედამიწის ზურგზე ებრაელები ხალისიანად ზეიმობენ პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული თავისუფლების ამ უმშვენიერეს დღესასწაულს.

სულითა და გულით ვულოცავ ჩვენს ებრაელ დებსა და ძმებს თავისუფლების ამ დღესასწაულს. მათთან ერთად თავისუფლებას ვუსურვებ ყველა ერსა და ადამიანს, რომელიც ძალადობის, ტოტალიტარიზმისა და უსამართლობის  მსხვერპლია. 

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

კომენტარები