საქსტატმა დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გაავრცელა. ნოემბრის თვეში ექსპორტმა $203 მილიონი შეადგინა, რაც წლის მინიმალური მაჩვენებელია. გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით კი 35%-ით ნაკლებია.
2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, ექსპორტი $2,6 მილიარდს შეადგენს, ხოლო იმპორტის მოცულობა $7,7 მილიარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. საქსტატის მონაცემებით, საქართევლოს უარყოფითი სავაჭრო სალდო მინუს $5,1 მილიარდია. საქართველო ყიდულობს უფრო მეტი ღირებულების საქონელს, ვიდრე ყიდის, რაც ქვეყანაში არსებულ უცხოური ვალუტის მოცულობაზე უარყოფითად აისახება.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტია, რომლის მოცულობაც ოქტომბერში წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით $113 მილიონით ნაკლები იყო. ეს აზერბაიჯანში 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილებისთვის რეგულაციების დაწესებით აიხსნება, რის გამოც ქართველი ავტოდილერები ამ თარიღამდე წარმოებული ავტომობილების რეალიზაციას აზერბაიჯანში ვეღარ ახდენენ.
საქართველოში იმპორტული საქონლის ღირებულების დასაფარად ექსპორტიდან შემოსული უცხოური ვალუტა საკმარისი არ არის, რის გამოც საჭიროა ამ ვალუტის სხვა წყაროებიდან მოძიება: ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის წყაროები არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები და საერთაშორისო ფულადი გზავნილების მეშვეობით შემოსული სახსრები. თუკი ყოველივე აღნიშნული იმპორტის და საგარეო ვალის დასაფარად საკმარისი არ არის, მაშინ ეროვნულ ვალუტას გარკვეული პრობლემები ექმნება.




