საყდრისი-ყაჩაღიანი

პატრიარქი: ვგმობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საყდრისში აფეთქება მოაწყვეს

ილია მეორე
mospat.ru

საქართველოს საპატრიარქო საყდრისის სადავო ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას გმობს, ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ ოფიციალური გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

"კომპანია "RMG GOLD"- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება. . . ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), - გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.

თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უდნა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.

არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით ,,RMG GOLD"-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა.

ამადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა. დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო" - ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.

საყდრისთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სამების ტაძარში, წირვის შემდეგაც იქადაგა. მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი გმობს საყდრისში მომხდარ აფეთქებას და "იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა". პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებას მიმართვს, რომ ამ აქტის ჩამდენმა სათანადო სასჯელი მიიღოს.

"საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს", - თქვა პატრიარქმა.

კომენტარები