საკადრო ცვლილებები

ხუხაშვილი: ბახტაძე კვალიფიციური და საინტერესო პიროვნებაა, თქვენც მოგეწონებათ

ტაბულა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას არ სმენია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოტენციურ შემცვლელებად საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი შმაგი კობახიძე მოიაზრებიან. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ ბახტაძეს და კობახიძეს იცნობს და მათზე ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს.

"მამუკა ბახტაძეს ვიცნობ, მასზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. ის იყო ენერგეტიკული კომპანიის დირექტორი, ძალიან კვალიფიციური და წესიერი ახალგაზრდა კაცია და მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია დავახასიათო. ბევრი თავისი თვისებით, დღევანდელ კადრებს რომ გადავხედოთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა. თქვენც მოგეწონებათ", - მიმართა ხუხაშვილმა გადაცემის წამყვანს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა უწყებაში ის რამდენიმე თანამდებობის პირი გადადგა, ვინც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებიან. მათ შორის: ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, გურიის გუბერნატორი და ა.შ. ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში პოსტის დატოვება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწიოს.

კომენტარები