ცესკოში ერთ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან დადებითი რეკომენდაცია ვერ მიიღეს. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოში ზურაბ ხრიკაძის და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები შესთავაზა.
ხრიკაძე და ტურაშვილი ცესკოს ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. ხრიკაძეს სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რაც შეეხება ტურაშვილის კანტდიდატურას, მისი მომხრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 4 წევრი იყო, მოწინააღმდეგე – 2.
მხარდაჭერის მისაღებად კი მათ სულ მცირე ხუთი ხმა სჭირდებოდათ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კანდიდატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერის მისაღებად მაინც წარედგინება.





