ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობა

პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ვაკანტური თანამდებობისთვის კანდიდატები წარადგინა

ცესკო

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ორი კანდიდატურა შესთავაზა. ლევან ტურაშვილი და ზურაბ ხრიკაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ დღეს წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს ამ კანდიდატებიდან ერთის შესარჩევად 14-დღიანი ვადა აქვს.

ლევან ტურაშვილი 2007-2008 წლებში საარჩევნო ფასილიტატორად და რეგიონულ კოორდინატორად მუშაობდა; 2011 წელს იყო ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიანი დამკვირვებელი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 2010 წლის მარტიდან 2012 წლის იანვრამდე ცესკოში სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსი, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი იყო; 2012 წლის მაისი 2012 წლის ივლისში ცესკოში სასწავლო პროგრამების განყოფილების მოწვეული სპეციალისტი იყო. ასევე იყო ცესკოში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ერთობილი პროექტის "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერების“ დირექტორი; მუშაობდა ISFED-ის დამკვირვებლად და საარჩევნო ფასილიტატორად. ასწავლიდა საგანს "არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფა“ გრიგოლ რობაქიძისა და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტებში.

ზურაბ ხრიკაძე ამ დრომდე მშვიდობისა და განვითარების პროგრამის თანამშრომელია (UNDP). მას განათლება მიღებული აქვს რუსეთსა და საფრანგეთში, ის პროფესიით ქიმიკოს-ტექნოლოგი და ჟურნალისტია. აქვს არჩევნების პროცესში ეუთოს მისიის ეგიდით მონაწილეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, 2005 წლის ერაყის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო განათლების სპეციალისტად , 2009-2011 წლებში იყო გაეროს პროგრამის "საარჩევნო დახმარების პროექტის“ ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების სპეციალისტი. საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში მონაწილეობდა გაეროს მშვიდობისა და განვითარების პროგრამის თანამშრომლის რანგში.

15 იანვარს უფლემოსილების ვადა ეწურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიდევ 3 წევრს. დავით პატარაიას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ შესარჩევად ახალ კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება, რომელთაგან შვიდს პარტიები ირჩევენ, 5-ს კი საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს. მათ უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა აქვთ.

კომენტარები