ლარის კურსის ვარდნა

IMF: გვჭირდება სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას

bpn.ge

ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განუცხადა.

„მაკროეკონომიკური ფუნდამენტის ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია, ლარი თვითონ არის მცოცავი კურსის მქონე ვალუტა. ეროვნული ბანკის მიზანს არ წარმოადგენს კურსის ფიქსირება. ეროვნული ბანკის მიზანია, ფასების სტაბილობა", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

მისივე თქმით, თუ ლარის მერყეობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში, ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე.

სადიკოვის თქმით, ლარის კურსის მერყეობის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მატ შორისაა დოლარის კურსის ზრდა სწხვადასხვა ვალუტების მიმართ. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში ექსპორტი შემცირდა და, შესაბამისად, შემცირდა უცხოური ვალუტის შემოდინებაც ქვეყანაში, რამაც გამოიწვია დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის.

მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკის მთავარი პრობლემა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტია. „შედეგი ის არის, რომ მათი ადგილობრივი ვალუტა უფასურდება. გვჭირდება სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას, გაზრდის ჩვენს პოტენციალს და ჩვენ ექსპორტზე უფრო მეტის გატანა შეგვეძლება. ზრდა გვჭირდება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საწარმოო პოტენციალს", - განაცხადა სადიკოვმა.

კომენტარები