საკადრო ცვლილებები მთავრობაში

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს რომან ჩხენკელი ტოვებს. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მის პოზიციას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაიკავებს, რომელიც შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახარია "2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესსექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება".

ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტს დავით სუჯაშვილი დაიკავებს.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილებები ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. მინისტრის მოადგილის პოსტს ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს. განცხადებაში წერია, რომ "ჯავახიშვილის მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას". აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილი ქართუ ბანკის პრეზიდენტი იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად - კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.

"ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები