დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით

რელიგიური ძალადობის ფაქტებზე NGO-ები პარლამენტისგან რეაგირებას მოითხოვენ

ბოლო ხანებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს პეტიციით მიმართა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებასა და რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას მოითხოვენ.

“როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს ბოლო პერიოდში რელიგიური ექსტრემიზმის განსაკუთრებით მზარდ გამოვლინებებს და არ უზრუნველყოფს კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციასა და ეფექტურ გამოძიებას. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რადგან ის, როგორც წესი, თავს იკავებს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც რელიგიურ ძალადობას ან დევნას ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ. ამავდროულად, ხელისუფლების მეთოდები რეპრესიულია რელიგიური უმცირესობების მიმართ, რასაც სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციები ადასტურებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პეტიციაში ასევე მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების პროცესში, უხეშად ირღვევა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, რადგან აღნიშნული საქმეების გამოძიებას აწარმოებს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო, და არა პროკურატურა.

 „ხელმომწერი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ სააგენტოს მონაწილეობას მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაში ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები პარლამენტს, რეგლამენტით დადგენილი წესით, პეტიციის საჯარო და წარმომადგენლობით განხილვასა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, შესაბამისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას სთხოვენ.

კომენტარები