დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით

კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავის მერიას დისკრიმინაციის გამო უჩივის

კათოლიკე ეკლესია საქართველოში - გერბი
ტაბულა

ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია რუსთავის მერიას უჩივის. ეკლესიის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) იცავს, რომელმაც 13 ნოემბერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა. მოსარჩელე მერიის მიერ რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის მოწმობის გაცემაზე დაუსაბუთებელ უარს ასაჩივრებს და უთითებს, რომ უარი განპირობებულია დისკრიმინაციული მიდგომით. 

"2013 წლის 16 აპრილიდან, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“ უშედეგოდ ცდილობს რუსთავში, მე-9 მიკრო-რაიონში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მოპოვებას. 

ამ დრომდე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაადგინა, რაც ნებართვის გაცემის I სტადიას წარმოადგენს. კათოლიკე ეკლესიამ არაერთხელ მიმართა რუსთავის მერიასა და საკრებულოს, მშენებლობის ნებართვისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის მოთხოვნით. თუმცა, მშენებლობის მოწმობა არ გაცემულა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხოლო განცხადების განხილვის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა.  

აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არსებობს რუსთავის საქალაქო  სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს პრინციპი „დუმილი თანხმობის ნიშანია“. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ნებართვის გამცემმა ორგანომ არ გასცა მშენებლობის ნებართვა ან/და დასაბუთებული უარი, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება და ნებართვის მაძიებელს შეუძლია მოითხოვოს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა. შესაბამისად, რუსთავის საკრებულოსა და მერიის მხრიდან, კათოლიკე ეკლესიის განცხადებაზე პასუხის არ გაცემა (დუმილი) სასამართლომ საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემად მიიჩნია. 

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, კათოლიკურმა ეკლესიამ კიდევ რამდენჯერმე მიმართა რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა. რუსთავის მერიამ კი განცხადებები კვლავაც უპასუხოდ დატოვა. ამ დრომდე, კათოლიკურ ეკლესიას არცერთი წერილობითი პასუხი არ მიუღია წარდგენილ განცხადებებზე.

რუსთავში, კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემის განხილვის პროცესს აქტიურად აპროტესტებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა, საჯარო მოხელეების მხრიდან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა დარღვევისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ ღია ლოიალობის გამოვლენის პრობლემა. მაგალითად, 2014 წლის 12 დეკემბერს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში, გაიმართა ზეპირი ადმინისტრაციული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 50-მდე წარმომადგენელი. ასევე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები. სხდომაზე დამსწრე პირებმა, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა და საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ რუსთავის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას. მათ სხდომაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ცალკეული საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იყო კათოლიკური ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.  

მოგვიანებით, მთავრობამ კათოლიკე ეკლესიასთან დაიწყო პოლიტიკური მოლაპარაკებები. 2015 წლის ივლისში, კათოლიკურ ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორი, რომელიც ეკლესიას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის მერი, რომელმაც კათოლიკურ ეკლესიას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ალტერნატიული მიწის ნაკვეთები შესთავაზა. თუმცა შეთავაზებული მიწის ნაკვეთები განთავსებული იყო ქალაქის უკიდურეს პერიფერიაში, რის გამოც ეკლესიამ უარი განაცხადა შეთავაზებაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესებში ასევე აქტიურად იყო ჩართული „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც”, თუმცა უწყებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მოდერატორის როლის ეფექტური შესრულება.  

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, EMC წარდგენილ სარჩელში ითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ქმედების შედეგის აღმოფხვრასა და კათოლიკური ეკლესიის მშენებლობაზე სანებართვო მოწმობის გაცემის დავალებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე წინააღმდეგობის გამო, ხშირად უარს აცხადებენ უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვისა და მოწმობის გაცემაზე ან სხვა ფორმებით აჭიანურებენ და ართულებენ მშენებლობის პროცესს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ნეიტრალიტეტისა და მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა, რელიგიურ ორგანიზაციებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. იმ პირობებში კი, როდესაც სახელმწიფოს არ მოუხდენია უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციების მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობებისა და რელიგიური ქონების რესტიტუცია, ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის გზაზე შექმნილი დაბრკოლებები კიდევ უფრო აღრმავებს ამ კუთხით არსებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

კომენტარები