თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სამუშია: პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არღვევს

ლევან სამუშია, ადვოკატი
Levan Samushia/Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას პასუხობენ. დაცვის მხარის განმარტებით, საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსს არღვევს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი სახის მასალა აუცილებლად უნდა გადაეცეს ადვოკატს. ადვოკატები ასევე განმარტავენ, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც საიდუმლო გრიფის გამო ადვოკატებისთვის მასალების გადაცემას ზღუდავს.

"საქართველოს მთავარ პროკურატურას გუშინდელ განცხადებაში საერთოდ არ უხსენებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. იმ ცრუ განცხადებებში, რასაც გუშინ გაუკეთეს ტირაჟირება, საერთოდ არ უთქვამთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელ ნორმაზე და მუხლზე დაყრდნობით საუბრობდნენ. მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ისაუბროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით და ნუ ჭორაობენ", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ეძლევათ, ტყუილია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ადვოკატებს რამდენჯერმე შესთავაზეს, მასალებს გაცნობოდნენ პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, მათ უარი განაცხადეს და დოკუმენტების ხელზე გადაცემა მოითხოვეს. 

კომენტარები