პოლიციელის მკვლელობა

ყვარელში პოლიციის კაპიტანი გადაჭრილი სანადირო თოფით მოკლეს

Getty Images

შსს-ს ინფორმაციით გუშინ, 30 ნოემბერს, ყვარელში მკვლელობა მოხდა. ბრალდებულმა, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 1970 წელს დაბადებულ გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული ილია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები