პოლიციელის მკვლელობა

პროკურორი: აბულაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება

შალვა აბულაძე
შსს

ბრალდებულ შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა.

აბულაძის განცხადებით TBC ბანკის დამაარსებლის მამუკა ხაზარაძის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პროკურორის განცხადებით მისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

"ინფორმაცია ბრალდების მხარისთვის დღეს გახდა ცნობილი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება იმაზე, რაც თქვა ბრალდებულმა", - განაცხადა პროკურორმა.

აბულაძის განცხადებით, ბორჯომში, მის სასტუმროში ხელყუმბარები ააფეთქეს და ასევე მისი კუთვნილი რესტორანი დაწვეს. აბულაძის თქმით, სწორედ ხაზარაძის დაკვეთით მისი 2 თვის ფეხმძიმე, 19 წლის საცოლე აწამეს.

აბულაძე გუშინ გამთენიისას, სოფელ არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. შალვა აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმე ბორჯომში მოკლული პოლიციელის საქმესთან გაერთიანდა და პროკურატურამ ერთ წარმოებად წარადგინა სასამართლოში. მოსამართლე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით, აბულაძისთვის შეფარდებული პატიმრობის დადასტურებაზე იმსჯელებს. პროცესს ბრალდებული შალვა აბულაძე დაესწრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები