ფარული მიყურადება

ბესელიასთვის მიუღებელია, რომ მოსმენებზე ე.წ. გასაღები სასამართლოს ჰქონდეს

reportiori.ge

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის, რომ ფარულ მოსმენებზე ე.წ. გასაღები სასამართლოს ჰქონდეს. 

"ჩვენს ძირითად პრინციპებს, პრაქტიკულად, იზიარებს პრეზიდენტი. ის, რომ შსს იწყებს ფარულ მოსმენას სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ეს ისედაც გვიწერია კანონში. ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ ექნება მეორე საკონტროლო ღილაკი და ექნება მოსამართლეს.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის, რომ, როდესაც სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო და როდესაც სასამართლოს ეძლევა, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ვალდებულება, ეს არის სწორედ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. გასაოცარია ისიც, რომ პრეზიდენტი თავად წერს, რომ ინსპექტორს არ უნდა ჰქონდეს მეორე საკონტროლო გასაღები იმიტომ, რომ ინსპექტორი მაკონტოლებელიაო და ამით პროცესში შემოდისო და იგივე არგუმენტით მოსამართლეს ეძლევა, პრეზიდენტის მოსაზრებით, საკონტროლო გასაღები. ეს თავისივე ლოგიკას ეწინააღმდეგება",- თქვა ბესელიამ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დღეს დაადო. მან შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ხვალ, პარლამენტში 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს და მის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს განიხილავენ, პლენარული სხდომა კი 11:30-ზე გაიმართება.

კომენტარები