ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, ფარული მიყურადების შესახებ სასამართლოში შუამდგომლობები და ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს. ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს.


ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაზე და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებაზე.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ 2017 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცედურა შეცვალა, იმ პრობლემის მოგვარება არ მოჰყოლია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში აპროტესტებენ.
"მედიაში გახმაურებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნება. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის", - აღნიშნავენ IDFI-ში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აზრით, ფარული მიყურადებების რაოდენობის მატება ხაზს უსვამს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაწესებულმა რეგულაციებმა არათუ აღმოფხვრეს, არამედ, უფრო მეტად გაამწვავეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული პრობლემები.
IDFI მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენისაგან თავისუფალი არ არის და საგამოძიებო ორგანოსთან ბმის გათვალისწინებით, მას ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ინტერესი აქვს.
"საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებას წარმოადგენს და მისი რეგლამენტირებული ხელყოფა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანონმა ისე დაარეგულიროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცედურები, რომ თავიდან იქნეს აცილებული არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევა კონსტიტუციით დაცულ უფლებაში", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
"კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობის კუთხით უნდა აღინიშნოს აგრეთვე, საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა, რომელიც გამოწვეულია მედიაში გაჟღერებული, უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების რაოდენობით და უკანონოდ განხორციელებული ფარული ჩანაწერების გამომქვეყნებლების ნაცვლად, მხოლოდ ამ ჩანაწერების გამავრცელებლების (მაგ.: პირად შეტყობინებებში ინტერნეტ ბმულის გაგზავნა) დაკავების ფაქტებით", - აღნიშნავენ IDFI-ში.





