ფარული მიყურადება

ცოლის ფარულად მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ფარული მიყურადების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, რომელსაც ბრალდება წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა.

ამოღებულია ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოვიღეთ მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა ვნახეთ". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მათ ამ ფაქტზე გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ დაიწყეს.

კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით წარედგინა, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები