ფარული მიყურადება

ჟურნალისტებმა სუს-ის მიერ ფარული მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს 

მედიაომბუდსმენმა 10 ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფო მაისურაძის, გიორგი დარჩიაშვილი, ნინა ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამარ ჩიხლაძისა და გელა ბოჩიკაშვილის მიმართ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საჩივარი წარადგინა.

საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შედეგადაა მოპოვებული. დაახლოებით, 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს

მედიაომბუდსმენის განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

"სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.

საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის". – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.

ჟურნალისტებისა და აქტივისტების უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 7 ივლისს საქართველოს დემოკარტიულმა ინიციატივამაც (GDI) მიმართა. სარჩელები საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდამჭერით მომზადდა.

კომენტარები